ამობეჭდვის თარიღი: 27.12.2024 22:07:54
კატეგორია: მოთხოვნები და უფლებები
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის შესახებ
განაცხადის #:30IMF124
აუქციონის #: 30
ლოტის #: 1
დაწყება/დასრულება: 16/07/2024 16:00 - 05/08/2024 14:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 22 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 1783049GEL
დასრულების დრო: 05.08.2024 14:22:00
გაყიდვის ფასი : 29598604.0000 GEL
საწყისი ფასი: 17830496 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 534914 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ქალაქ ბათუმის მერია
მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. N25/ ფაქტ: ქ. ბათუმი ლერმონტოვის ქ. N90ა
ტელეფონი: 995-(0422)272606
თვისებები
ბრძანების ნომერიბ14. 14241985საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა45
;
აღწერილობა
პირობა

-    ნებართვის გაცემის წესი: პირობებიანი ელექტრონული აუქციონი;

 

-     ნებართვის ვადა: 10 (ათი) წელი

-     10 წლის ნებართვის საწყისი საფასური: 17 830 496 (ჩვიდმეტი მილიონ რვაას ოცდაათი ათას ოთხას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარი

-     ვაჭრობის ბიჯი: 534 914 (ხუთას ოცდათოთხმეტი ათას ცხრაას თოთხმეტი) ლარი

-     ბე/საგარანტიო თანხა: 1 783 049 (ერთი მილიონ შვიდას ოთხმოცდასამიათას ორმოცდაცხრა) ლარი

 

         .ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ადგილები იხილეთ თანდართულ დანართი №1-ის და დანართი 2-ის ფაილებში

 

სააუქციონო პირობები:

  1. წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

    1.1.    ნებართვა - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე, მუნიციპალურ/სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ამ პირობებისა და კანონმდებლობის შესაბამისად გარე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება.

    1.2.    ლოტით გათვალისწინებული ტერიტორია - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები.

    1.3.    მუნიციპალიტეტი - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი.

    1.4.    განსაზღვრული ობიექტები - ამ პირობების დანართი 1-ით განსაზღვრული ადგილები/ლოკაციები.

    1.5. არასტანდარტული საშუალებები - ლოტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, ღია სივრცეებში არსებულ უძრავ ქონებაზე (მაგალითად, მიწის ნაკვეთზე, გარე განათების ბოძებზე ან/და სხვა კონსტრუქციებზე/ნაგებობებზე) განთავსებული სარეკლამო დანიშნულების მანიშნებლები, რომელიც მიანიშნებს ამა თუ იმ კონკრეტული კომერციული/არაკომერციული ობიექტის მდებარეობის/ მიმართულების/ საქმიანო­ბის შესახებ და ა.შ.; აგრეთვე, კონკრეტული ბიზნეს-სუბიექტის საქმიანობის რეკლამი­რების მიზნით, ამ ბიზნეს-სუბიექტის მიმდებარედ განთავსებული, არასტან­დარ­ტული სარეკლამო კონსტრუქციები. არასტანდარტული საშულების ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 3 კვ.მ.-ს.

    1.6. არასტანდარტული საშუალებების მაქსიმალური რაოდენობა - ლოტით გათვალის­წი­ნე­ბულ ტერიტორიაზე განთავსებული გარე რეკლამის არასტანდარტული საშუალებე­ბის მაქსიმალური რაოდენობა (ერთეული).

    1.7. ახალი ობიექტები - ლოტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე მდებარე, განსაზღვ­რული ობიექტებისგან განსხვავებულ (დამატებით) ადგილებზე, ასევე, არასტანდარ­ტული საშუალებების მაქსიმალურ რაოდენობაზე მეტი რაოდენობის გარე რეკლამა, რომელზეც ნებართვის მფლობელი, მუნიციპალიტეტთან შეთანხმების საფუძველზე და ამ პირობების შესაბამისად, მოიპოვებს გარე რეკლამის განთავსების უფლებას. ახალი ობიექტების  შემთხვევაში დაცული უნდა იყოს ამ პირობების დანართი 1-ით განსაზღვრული პარამეტრების პრინციპები, ასევე ახალი ობიექტების სარეკლამო ფართის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს განსაზღვ­რული ობიექტების ჯამური ფართის 20%-ს, ხოლო ახალი არასტანდარტული საშუალებების სარეკლამო ფართის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს განსაზღვრული არასტანდარტული საშუალებების ჯამური ფართის 20%-ს.

    1.8.    სარეკლამო ინფრასტრუქტურა - გარე რეკლამის განთავსებისათვის საჭირო კონსტრუქციები/დანადგარები/მოწყობილობები/ინფრასტრუქტურა.

    1.9.  სარეკლამო ინფრასტრუქტურის სახეობები - სარეკლამო ინფრასტრუქტურის ტიპები/სახეობები, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ამ პირობების დანართი 1-ში და დანართი 2-ში მითითებულ რეკლამის ტიპებს/სახეობებს (მათ შორის ციფრულს).

    1.10. აუდიტორული/საექსპერტო დასკვნა - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული/გაცემული დასკვნა.

    1.11. ხელშეკრულება - ნებართვის გამცემსა და გამარჯვებულ პირს შორის ამ პირობე­ბისა და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე დადებული ხელშეკრულება, რომელიც აზუსტებს კანონმდებ­ლობითა და ამ პირობებით განსაზღვრულ მხარეთა უფლება-მოვალეობებსა და მხარეთა შორის ურთიერთობებს.

  2. აუქციონისსაგანი. ნებართვის მოქმედების ვადა და საფასური

    2.1. აუქციონის საგანია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ აუქციონში გამარ­ჯვებული პირისათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე შესაბამის უძრავ ქონებაზე (შემდგომში - ლოტით გათვალისწინებული ტერიტორია“) გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ექსკლუზიურად გადაცემა (გარდა წინამდებარე პირობებით განსაზღვრული გამონაკლისებისა), საქართველოს კანონმდებლობისა და წინამდებარე პირობების შესაბამისად.

    2.2.   აუქციონის პირობები და მასში გამარჯვებული პირის (შემდგომში „გამარჯვებული პირი“/„ნებართვის მფლობელი“) გამოვლენის წესი დადგენილია კანონმდებლობითა და წინამდებარე პირობებით (შემდგომში -„პირობები“).

    2.3.  ნებართვის გამცემსა და გამარჯვებულ პირს შორის ამ პირობებისა და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (შემდგომში - „ოქმი“) საფუძველზე დაიდება ხელშეკრულება (შემდგომში - „ხელშეკრულება“), რომელიც აზუსტებს და განავრცობს კანონმდებლობითა და ამ პირობებით განსაზღვრულ მხარეთა უფლება-მოვალეობებს, დეტალურად განსაზღრავს სანებართვო პირობებს, გამარჯვებული პირის პასუხისმგებლობის შემთხვევებსა და წესს, ხელშეკრულე­ბის შეწყვეტის/ნებართვის გაუქმების საფუძვლებსა და წესს და სხვა პირობებს.

    2.4.  აუქციონით გათვალისწინებული ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება ნებართვის გაცემიდან 10 (ათი) წლით (შემდგომში - „ნებართვის მოქმედების ვადა“).

    2.5.   ნებართვის გაცემის საწყისი ფასი შეადგენს 17 830 496 (ჩვიდმეტი მილიონ რვაას ოცდაათი ათას ოთხას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარს. აუქციონის შედეგად განსაზ­ღვრული გარე რეკლამის სრული პერიოდის საბოლოო საფასური გადაიხ­დება ერთჯერადად, წინასწარ, ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარუ­ლი დღის ვადაში. ამ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დამატებით მიეცემა 15 კალენდარული დღე და დაეკისრება ამ პირობებით განსაზღვრული პირგასამტეხლო.

    2.6.    გადახდილი „ბე“-ს თანხა ჩაითვლება ნებართვის საფასურში.

  3. აუქციონის ძირითადი პირობები

    3.1.  აუქციონი ითვალისწინებს გამარჯვებული პირისათვის ნებართვის გადაცემას ლოტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე მდებარე, ამ პირობების დანართი 1-ში და დანართი 2-ში მოცემულ ადგილებზე, ამავე დანართებით განსაზღვრული პარამეტრების გარე რეკლამების განთავსების მიზნით (შემდგომში - „არსებული ობიექტები“). ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, ამ პირობების დანართი 1-ში მითითებული გარე რეკლამის ტიპები არის საინფორმაციო ხასიათის და გამარჯვებული პირი უფლებამოსილია დანართი 1-ში და დანართი 2-ში მოცემულ ადგილებზე, საკუთარი შეხედულებ­ისამებრ, განათავსოს სხვა სახეობის გარე რეკლამა, დანართი 1-ში და დანართი 2-ში მითითე­ბული პარამეტრების ფარგლებში და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. დაუშვებელია ამ პირობებით განსაზღვრული პარამეტრების გადაჭარბება.

    3.2.  აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია განთავსებული კონსტრუქციების ადგილმდებარეობის, მათი პარამეტრების და სარეკლამო ფართის ოდენობის დანართი 1-ის და დანართი 2-ის პირობებთან შესაბამისობის დადასტურებისთვის თითოეული კონსტრუქციის განთავსებიდან 03 თვის ვადაში წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს მიერ გაცემული დასკვნა.

    3.3.  გარდა არსებული ობიექტებისა, გამარჯვებული პირი უფლებამოსილია ლოტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე განათავსოს გარე რეკლამის არასტანდარ­ტული საშუალებები (არაუმეტესი 3 კვ.მ., შემდგომში - „მცირე საშუალებები“), არაუმეტეს  250 (ორას ორმოცდაათი) ერთეულისა.

    გარე რეკლამის მცირე საშუალებად მიიჩნევა - ღია სივრცეებში (მაგალითად, მიწის ნაკვეთზე, გარე განათების ბოძებზე ან/და სხვა კონსტრუქციებზე/ნაგე­ბობებზე) განთავსებული სარეკლამო დანიშნულების მანიშნებლები, რომელიც მიანიშნებს ამა თუ იმ კონკრეტული კომერციული ობიექტის მდებარეობის/ მიმართულების/საქმიანობის შესახებ და ა.შ.), აგრეთვე, კონკრეტული ბიზნეს-სუბიექტის საქმიანობის რეკლამირების მიზნით, ამ ბიზნეს-სუბიექტის მიმდებარედ განთავსებული, არასტანდარტული სარეკლამო კონსტრუქციები.

    3.4.   იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებულ პირს სურს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტთან შეთანხმების საფუძველზე, ლოტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე მოიპოვოს გარე რეკლამის განთავსების უფლება არსებული ობიექტებისგან განსხვავებულ (დამატებით) ადგილებზე, ასევე, მცირე საშუალე­ბების ამ პირობებით განსაზღვრულზე მეტ რაოდენობაზე (შემდგომში - „ახალი ობიექტები“), ახალი ობიექტის განთავსების ნებართვის მოპოვების სანაცვლოდ, მან მუნიციპალიტეტს უნდა გადაუხადოს ამგვარი ცვლილებით გამოწვეული გაუმჯობესების შესაბამისი საბაზრო ღირებულება, რომელიც დგინდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე. დასკვნა მომზადებულ უნდა იქნას გამარჯვებული პირის დაკვეთითა და ხარჯებით.

    3.5.  ნებართვის მფლობელის მიერ, ახალ ობიექტებზე რეკლამის განთავსების უფლე­ბის მოპოვების შესახებ განცხადება წარდგენილ უნდა იქნას მუნიციპალი­ტეტის მერიაში წერილობითი ფორმით, შესაბამისი აუდიტორული/საექსპერტო დასკვ­ნის თანხლებით. ნებართვის გამცემი განცხადებას განიხილავს და მხოლოდ თანხმობის შემთხვევაშია ნებართვის მფლობელი უფლებამოსილი სარეკლამო კონსტრუქციები განათავსოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

    3.6.  ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია, ნებართვის ფარგლებში საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს განსაზღვრულ ობიექტებზე, ახალ ობიექტებსა და არასტანდარტულ საშუალებებზე გარე რეკლამის განთავსების (გავრცელების) საფასურის ოდენობა და სხვა პირობები. ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი სრულად ეკუთვნის ნებართვის მფლობელს (ამ პირობებით და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი გადასახადების/ნებართვის ფასის გარდა).

    3.7.  ნებართვის გამცემი არცერთ შემთხვევაში არ არის ვალდებული, დააკმაყოფილოს გამარჯვებული პირის მიმართვა ახალი ობიექტის განთავსების თაობაზე და იგი უფლებამოსილია საკითხი გადაწყვიტოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საკუთარი შეხედულებისამებრ.

    3.8.     ნებართვის გამცემი აუქციონში გამარჯვებულ პირს არ გადასცემს (არცერთი სამართლებრივი ფორმით) რაიმე სარეკლამო ინფრასტრუქტურას. ამასთან, ნებართვის მფლობელის მიერ განთავსებული სარეკლამო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს ნებართვის მფლობელის საკუთრებას და მასთან დაკავშირებით ხელშეკრულების მოქმედებისა და ხელშეკრულების ვადის გასვლის ან/და შეწყვეტის შემდეგ რაიმე სახის ანაზღაურების უფლება ნებართვის გამცემის მიმართ არ წარმოეშობა.

    3.9.   აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია განათავსოს თანამედროვე ტიპისა და დიზაინის მქონე სარეკლამო კონსტრუქციები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურთან შეთანხმების საფუძ­ველზე.

    3.10.  აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია, დაიცვას სარეკლამო ინფრასტრუქტუ­რისა და მასზე გარე რეკლამის განთავსების უფლების (თანხმობა/გამოყენების უფლება/შეტყობინება და სხვ.) მოპოვების, განახლების/ვადის გაგრძელებისა და მათი ექსპლუატაციის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და სტანდარტები.

    3.11.  ნებართვის მფლობელი ვალდებულია ხელშეკრულების დასრულებიდან, ვადაზე ადრე გაუქმებიდან ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შესაბამის შემთხ­ვე­ვებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), არაუგვიანეს სამი თვისა გაათავისუფლოს სარეკლამო ინფრასტრუქ­ტურისგან (სარეკლამო კონსტრუქციები, ნაგებობები და სხვა) ლოტით გათვალისწინებული ტერიტორია“ და თავისუფალ მდგომარეობაში ჩააბაროს ნებართვის გამცემს. ამ ვადის გასვლის შემდგომ ნებართვის გამცემი უფლებამოსილია საკუთარი ხარჯებით მოახდინოს ლოტით გათვალისწინებული ტერიტორიის“ გათავისუფლება სარეკლამო ინფრასტრუქ­ტურისგან (სარეკლამო კონსტრუქციები, ნაგებობები და სხვა), რა დროსაც ნებართვის გამცემი პასუხს არ აგებს სარეკლამო ინფრასტრუქ­ტურის დაღუპვასა და გაფუჭებაზე. ამასთან, ნებართვის მფოლობელს სრულად დაეკისრება ნებართვის გამცემის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

    3.12. ნებისმიერი სარეკლამო ინფრასტრუქტურის (ნაგებობების) და მასზე გარე რეკლამის განთავსების უფლების (თანხმობა/გამოყენების უფლება/შეტყობინება და სხვ.) გაცემის/ განახლების/ვადის გაგრძელების საკითხი (საჭიროების შემთხვევაში) განიხილება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, მათი დისკრეციული უფლებამოსი­ლების ფარგლებში და შესაბამის დროს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.

    3.13.   იმ შემთხვევაში, თუ მცირე საშუალებებზე, არსებულ ან/და ახალ ობიექტებზე გარე რეკლამის განთავსების უფლების (თანხმობა/გამოყენების უფლება/შეტყობინება და სხვ.) მოპოვების/განახლების/ვადის გაგრძელების პროცესში, აუქციონში გამარჯვებულ პირს მოუწევს განახორციელოს რაიმე სახის ცვლილებები სარეკლამო ინფრასტრუქტურის სახეობების ან/და მისი განთავსების პირობებში და აღნიშნული არ გამოიწვევს ობიექტების ფართობის და ხილვადობის შემცირებას/გაუაერესებას, გამარჯვებულ პირს ნებართვის გამცემის ან/და მუნიციპალიტეტის სხვა ორგანოს მიმართ არ წარმოეშობა რაიმე მოთხოვნის ან/და პრეტენზიის წარდგენის უფლება.

    3.14.  გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა ან/და ამ ადგილებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა არ კრძალავს ამ ადგილების გამოყენებას კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლის და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის. გარე რეკლამის ადგილების გამოყენებასთან დაკავშირებით ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის გამცემი უფლებამოსილია  ნებართვის მფლობელისთვის 1 თვიანი წინასწარი შეტყობინების გაგზავნის გზით, გააუქმოს ზემოაღნიშნული ობიექტები ან/და ცვლილება შეიტანოს მათ მონაცემებში.

    3.15.  გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა ან/და ამ ადგილებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა უფლებამოსილ ორგანოს არ უზღუდავს ან/და არ უკრძალავს მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ ადგილისათვის (ადგილებისათვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმების შესახებ ან/და გამოიყენოს იგი რაიმე სხვა დანიშნულებით ან/და გაასხვისოს იგი. კონკრეტული ადგილისათვის (ადგილებისათვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტი­ლება წარმოადგენს შესაბამის ნაწილში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს.

    3.16.  3.14. და 3.15. პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნებართვის გამცემი, ნებართვის მფლობელს არაუმეტეს 20 დღის ვადაში შესთავაზებს გაუქმებული ობიექტის ან/და ობიექტის შემცირებული ფართის ალტერნატიულ გარე რეკლამის ობიექტს/ფართს.  მხარეები შესაძლებელია წერილობით შეთანხმდნენ გაუქმებული ობიექტის ან/და ობიექტის შემცირებული ფართის ალტერნატიულ გარე რეკლამის ობიექტით/შესაბამისად ფართით ჩანაცვლების თაობაზე. ალტერნატიულ ობიექტზე/ფართზე შეთანხმების შეუძლებლობის შემთხვევაში, ნებართვის მფლობელს, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, აუნაზღაურდება შესაბამისი ობიექტის მონაცემების ცვლილებით/ობიექ­ტის გაუქმებით გამოწვეული ზიანი, რომელიც დგინდება აუდიტორული/საექსპერტო დასკვნის საფუძველზე. წინამდებარე პუნქტის მიზნებისთვის, ზიანი მოიცავს გარე რეკლამის ნებართვისათვის წინასწარ გადახდილი საფასურის შესაბამის ნაწილს (დროში ფულის ღირებულების, ნებართვის ვადის გასვლამდე დარჩენილი ვადისა და გარე რეკლამის გაუქმებული/შემცირებული ფართის გათვალისწინებით), რომელიც განისაზღვრება შესაბამის ობიექტზე გარე რეკლამის საფასურის დადგენის თაობაზე გაცემული სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის გათვალისწინებით, სარეკლამო ინფრასტრუქტურის შექმნისა და მონტაჟის ხარჯებს, ობიექტის გაუქმების გამო გაუწეველი მომსახურებისათვის რეკლამის მფლობელის მიერ რეკლმის დამკვეთისათვის გადასახდელ თანხას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა სახის პირდაპირ და უშუალო ზიანს. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, წინამდებარე პუნქტის მიზნებისთვის, ზიანი არ მოიცავს მიუღებელ შემოსავალს და ნებართვის მფლობელს არ წარმოეშობა მისი მოთხოვნის უფლება.

    3.17.   ლოტით გათვალისწინებული ტერიტორია არ მოიცავს მესამე პირთა (ასეთ პირად მიიჩნევა ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირი) სარგებლობის/საკუთრების უფლებით დღეს რეგისტრირებულ/გადა­ცემულ ან/და მომავალში დარეგისტრირებულ/გადასაცემ ნებისმიერ (უძრავი/მოძრავი/ არამატერიალური სიკეთე) ქონებას (ტერიტორიებს) და აღნიშნულ ტერიტორიებზე გარე რეკლამის განთავსების საკითხი რეგულირ­დება საქართველოს კანონმდებლობის შესაბა­მისად (აღნიშნულ ობიექტებზე არ ვრცელდება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანებართვო უფლებები და შეზღუდვები და ამასთან არ წარმოადგენს სახელმწიფო/მუნიციპა­ლურ/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების განკარგვის (ნებისმიერი ფორმით) დამაბრკოლებელ გარემოებას.

    3.18. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი (მათ შორის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალი­ტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირ(ებ)ი) უფლებამოსილია ლოტით გათვალისწინებული ტერიტორიის დანართი 2-ში მითითებულ ადგილებზე, (სარეკლამო კონსტრუქციებისა), საკუთარი შეხედუ­ლე­ბი­სამებრ, შეუზღუდავად განათავსოს ნებისმიერი სახის სარეკლამო ინფრასტრუქტურა და გაავრცელოს მასზე ისეთი სახის რეკლამა, რომელიც ემსახურება საზოგადოების (მისი ნაწილის) ინფორმირებას სახელმწიფო/მუნიცი­პალიტეტის/აჭარის ავტონო­მიუ­რი რესპუბლიკის საქმიანობასთან დაკავშირე­ბულ ან/და საზოგადოებ­რივი მნიშვნელობის საკითხზე. ამასთან, დაუშვებელია ამ პუნქტში მითითებული სარეკლამო ინფრასტრუქტურის გამოყენება ქალაქ ბათუმის  მუნიციპალიტეტის ან/და სხვა მესამე პირის მიერ მასზე უშუალოდ სარეკლამო საშუალების განთავსებიდან მოგების მიღების/კომერციული საქმია­ნობის წარმართვის მიზნით.

    3.19.  გამარჯვებული პირი ვალდებულია, ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში მუდმივად უზრუნველყოს ამ პირობების დანართი 2-ში მითითებულ 6 (ექვსი) ლოკაციაზე ამავე დანართში მოცემული პარამეტრების სარეკლამო ინფრასტრუქ­ტურის განთავსება, ასევე, მათი მოვლა-პატრონობა, რემონტი/განახლება (საჭიროებისამებრ) და მათზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის (მათ შორის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალი­ტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირ(ებ)ის) მიერ მიწოდებული გარე რეკლამის გავრცელება მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ვადით და ამ მიზნით, სხვა შესაბამისი სამუშაოების გაწევა/ღონის­ძიებების განხორციელება, საკუთარი ხარჯებით. ამასთან, გამარჯვებული პირი ვალდებულია, მუნიციპალიტეტის მიერ მითითებულ ადგილებზე გარე რეკლამა გაავრცელოს/განაახლოს ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ შესაბამისი მოთხოვნისა და სარეკლამო მასალის მიწოდებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, გამარჯვებული პირის ხარჯებით (ასეთ შემთხვევაში სარეკლამო მასალის შექმნის ხარჯები გამარჯვებულ პირს არ ეკისრება). ხოლო ქალაქ ბათუმის მუნიციპალი­ტეტის მოთხოვ­ნის შემთხვევაში, გამარჯვებული პირი ვალდებულია მუნიციპალიტეტის მიერ მიწოდებული შინაარსის რეკლამის დამზადება და განთავსება უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით, 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში. ამ პუნქტით შესაძლებელია გავრცელდეს ისეთი სახის რეკლამა, რომელიც ემსახურება საზოგადოების (მისი ნაწილის) ინფორმირებას სახელმ­წიფო/მუნიცი­პალიტეტის/აჭარის ავტონო­მიუ­რი რესპუბლიკის საქმიანობასთან დაკავშირე­ბულ ან/და საზოგადოებ­რივი მნიშვნელობის საკითხზე.

    3.20.  ნებართვის მფლობელი ვალდებულია, დაიცვას სარეკლამო ინფრასტრუქტურის განთავსების უფლების (თანხმობა/გამოყენების უფლება/შეტყობინება და სხვ.) მოპოვებისა და მათი ექსპლუატაციის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული წესები.

    3.21. ნებართვის მფლობელი, მხოლოდ ნებართვის გამცემის წინასწარი წერილობით თანხმობის საფუძველზე, უფლებამოსილია განკარგოს ნებართვა (სრულად ან ნაწილობრივ) მესამე პირებზე ან/და დატვირთოს იგი (ნებისმიერ სამართლებრივი ფორმით) მესამე პირ(ებ)-ის სასარგებლოდ, ამ პირობებით გათვალისწინებული ვალდებულე­ბების მესამე პირებზე უცვლელად გადასვლის პირობით.

    3.22.  გამარჯვებული პირი ვალდებულია, ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში მუდმივად უზრუნველყოს სარეკლამო ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა, რემონტი/განახლება (საჭიროებისა­მებრ). ამ პუნქტის დარღვევის შემთხვევაში ნებართვის გამცემი უფლებამოსილია ნებართვის მფლობელს დაუწესოს ვადა მისი გამოსწორე­ბისათვის, ხოლო დაწესებულ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვე­ვაში გამოიყენება ხელშეკ­რულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.

    3.23.  ნებართვის გამცემი უფლებამოსილია, ნებართვის ვადის განმავლობაში მიმართოს ნებართვის მფლობელს ამ პირობებიდან გამომდინარე ნებართვის მფლობელის ვალდებულებების/სანებართვო პირობების შესრულების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, რა შემთხვევაშიც ნებართვის მფლობელი ვალდებულია, წერილობით მიაწოდოს ნებართვის გამცემს მოთხოვნილი ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია არაუგვიანეს მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

    3.24. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები უფლებამოსილი არიან, საკუთარი შეხედულებისამებრ, დაადგინონ კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე გარე რეკლამის განთავსებისა და მართვის დღეს არსებულისგან განსხვავებული/დამატებითი წესები და სტანდარტები. აღნიშნულიდან გამომდი­ნარე ან/და მასთან დაკავშირებით აუქციონში გამარჯვებულ პირს მუნიციპალიტე­ტის მიმართ არ წარმოეშობა რაიმე მოთხოვნის ან/და პრეტენზიის წარდგენის უფლება.

    3.25.აუქციონთან დაკავშირებული სხვა საკითხები და პირობები განიხილება მოქმედი კანონმდებლობისა და ,,ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 28 ივნისის №30 დადგენილების შესაბამისად.

    3.26. ნებართვის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს გარე რეკლამასთან დაკავში­რე­ბული ინფრასტრუქტურის მოწყობის, მათ შორის კომუნალური ხარჯები.

    3.27. აუქციონის საგანი არ მოიცავს გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ექსკლუზივიდან გამონაკლისს - „ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2014 წლის 16 ივნისის შეთანხმებით (და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებით) ან/და სხვა შესაბამისი შეთანხმებით გათვალისწინებული უძრავი ქონება და მასზე განთავსებული/განსათავებელი ავტობუსების გაჩერებების კონსტრუქციები (ნაგებობები).

  4. ოქმის გამოცემის, ხელშეკრულების დადების, აუქციონის სრული საფასურის გადახდისა და სანებართვო მოწმობის გაცემის წესი

    4.1.აუქციონის (სააუქციონო ვაჭრობის) დასრულების შემდეგ გამოიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, რომელშიც აისახება გამარჯვებული პირის დასახელება, ლოტის დასახელება, ნებართვის მოქმედების ვადა და ნებართვის გაცემის ფასი.

    4.2.    ოქმის შედგენიდან 05 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში დაიდება ხელშეკრულება. გამარჯვებული პირის მიზეზით ხელშეკრულების გაუფორმებ­ლობის შემთხვევაში, აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე/წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.

    4.3.     გარე რეკლამის განთავსების ნებართვა ნებართვის მფლობელს გადაეცემა ხელშეკრუ­ლებაზე ხელმოწერისთანავე.

  5. გამარჯვებული პირის პასუხისმგებლობა

    5.1.  გამარჯვებული პირის მიერ ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დაეკისრება პირგასამტეხლო გადაუხ­დელი თანხის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

    5.2.   გამარჯვებული პირის მიერ აუქციონის სრული საფასურის ხელშეკრულებით განსაზღვრულ დამატებით მიცემულ 15 კალენდარული დღის ვადაში სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში, აუქციონის შედეგები უქმდება, ხელშეკრულება წყდება და გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე/წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.

    5.3. ხელშეკრულების სხვა ვალდებულებების/პირობების დარღვევის შემთხვევაში, გამარჯვებულ პირს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება თითოეულ დარღვევაზე 100 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე ან ხელშეკრულების შეწყვეტამდე.

  6. უქციონში მონაწილეობის პირობები და გამარჯვებული პირის გამოვლენის წესი

    6.1. აუქციონის საწყისი საფასური (ნებართვის გაცემის საწყისი ფასი) შეადგენს 17 830 496 (ჩვიდმეტი მილიონ რვაას ოცდაათი ათას ოთხას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარს.

    6.2.  აუქციონში გამარჯვებული პირის გამოვლენის ერთადერთი კრიტერიუმია ნებართვის გაცემის ფასზე ყველაზე მაღალი შეთავაზება.

    6.3.  აუქციონში მინიმალური ბიჯი შეადგენს 534 914 (ხუთას ოცდათოთხმეტი ათას ცხრაას თოთხმეტი) ლარს.

    6.4. აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი აუქციონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრირდება და აუქციონში მონაწილის სტატუსს იძენს კანონმდებლობის მოთხოვ­ნათა შესაბამისად.

    6.5. აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ გადასახდელი ბეს/საბანკო გარან­ტიის ოდენობა შეადგენს 1 783 049 (ერთი მილიონ შვიდას ოთხმოცდასამი ათას ორმოცდაცხრა) ლარს.

    6.6.  აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ ბე გადახდილ უნდა იქნას საბანკო გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას ელექტრონული აუქციონის გამოცხადებიდან მის დასრულებამდე, არაუგვიანეს წინა სამუშაო დღის 18:00 საათისა. ბე გადახდილ უნდა იქნას უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. საბანკო გარანტია წარდგენილ უნდა იქნას. ამ პუნქტში მითითებული ვადის გასვლიდან აუქციონის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 წუთისა, ბეს გადახდა აუქციონში მონაწილეობის მსურველ პირს შეუძლია მხოლოდ ბილინგის სისტემით.

7. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის/ხელშეკრულების გაუქმების/შეწყვეტა

7.1.  სანებართვო ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული არსებითი პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში, ნებართვის გამცემი ნებართვის მფლობელს აძლევს გონივრულ ვადას (მაგრამ, არანაკლებ 90 დღეს) დარღვევის აღმოსაფხვრელად. აღნიშნულ დამატებით ვადაში დარღვევის აღმოუფხვრელობა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა განიხილება ნებართვის გამცემის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძვლად. ნებართვის გამცემის მიერ ამ პუნქტით განსაზღვრული საფუძვლით ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში ნებართვა უქმდება, ხოლო ამ ნებართვაზე არსებული მესამე პირის (პირთა) უფლება (უფლებები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უქმდება. ამასთანავე, ნებართვის მფლობელს მუნიციპალიტეტი არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს.

7.2  ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად შეწყვეტის დროს ნებართვა უქმდება, ხოლო ამ ნებართვაზე არსებული მესამე პირის (პირთა) უფლება (უფლებები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უქმდება. ამასთანავე, ნებართვის მფლობელს მუნიციპალიტეტი არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს, ასევე მიუღებელ შემოსავალს.

აღწერილობა

 

აუქციონში მონაწილეობის პირობები და აუქციონის ჩატარების წესი

შედგენილია: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 28 ივნისის №30 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესი შესაბამისად.


1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები

1.1. ელექტრონული აუქციონის ფორმით ნებართვის მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი.

1.2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:

ა) ვებგვერდზე www.eauction.ge დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე, ურიდიული პირები);

ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების გაცნობა და მათზე თანხმობის გაცხადება.

გ) პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში, ელექტრონული აუქციონის პირობების გაცნობა;

დ) საბანკო დაწესებულების მეშვეობით, აგრეთვე, „ინტერნეტ ბანკინგის“, საბანკო პლასტიკური ბარათისა და სხვა ელექტრონული საშუალებების მეშვეობით, „ბე“-ს გადახდა.

1.3. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველს შეიძლება, უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ დარღვეულია „1.2.“ პუნქტის მოთხოვნები.

2. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი

2.1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი, რომელიც აკმაყოფილებს „1.2.“ პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, სარგებლობის საწყის საფასურზე ბიჯის დამატების შემთხვევაში, იძენს ელექტრონულ აუქციონში მონაწილის სტატუსს.

2.2. ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინ რეჟიმში.

2.3. ელექტრონული აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში.

2.4. ელექტრონული აუქციონის დასაწყისად ითვლება მისი შესაბამის ვებგვერდზე გამოცხადების მომენტი.

2.5. ელექტრონულ აუქციონში მონაწილე პირს, რომელსაც სურს სარგებლობის საწყისი საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინ რეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს სარგებლობის საწყის საფასურზე ბიჯის დამატებას), რომელიც, ასევე, ფიქსირდება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. მუნიციპალიტეტის ქონება ითვლება სარგებლობაში გადაცემულად აუქციონის იმ მონაწილეზე, რომლის მიერაც ონლაინ რეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.

2.6. თუ ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს ელექტრონული აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 2 წუთის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შეთავაზების დრო გაგრძელდება 2 წუთით, დასრულების მითითებული მომენტიდან. თუ ამ დროის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული დროის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შეთავაზებული, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო ფასის შემთავაზებელი პირი.  აუქციონში გამარჯვების თაობაზე აუქციონატორის მიერ დგება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (ადმინისტრაციული დაპირება).

2.7. ვაჭრობის დასრულებისას, გამარჯვებულსა და ელექტრონული აუქციონის სხვა მონაწილეებს, ელექტრონული გზით (მათ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე), გაეგზავნებათ ინფორმაცია ელექტრონული აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

2.8. ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს „ბე“ დაუბრუნდებათ ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, მისი შეტანის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე. „ბე“ აუქციონში დამარცხებულს უბრუნდება მის მიერ მითითებულ ანგარიშზე.

2.9. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს „ბე“, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი „ბე“ სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

2.10. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი „ბე“ სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ:

ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, არ გადაიხადა ნებართვის  საფასური  

2.11. „ბე“, აგრეთვე, სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებით“ განსაზღვრული წესი და პირობები.

 

3. მხარეთა ულება-მოვალეობები

3.1. აუქციონატორი (მუნიციპალიტეტი) უფლებამოსილია:

ა) ნებისმიერ დროს შეცვალოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესი და ელექტრონული აუქციონის პირობები (პირობებიანი ელექტრო- ნული აუქციონის შემთხვევაში) და განათავსოს შესაბამის ვებგვერდზე;

ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან აუქციონატორს;

გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით;

დ) ელექტრონული აუქციონის პროცესში რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები.

3.2. აუქციონატორის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეს, მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, უბრუნდება „ ბე“, თუ შეცვლილი წესითა და ელექტრონული აუქციონის პირობებით (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში) აღარ სურს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა.

3.3. აუქციონატორი ვალდებულია, კანონით დადგენილი წესით, გადასცეს ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს ნებართვის უფლება

3.4. მუნიციპალიტეტის ნებართვის მიმღები უფლებამოსილია:

ა)  მიიღოს მუნიციპალიტეტის ნებართვა;

ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.

3.5. მუნიციპალიტეტის ნებართვის მიმღები ვალდებულია:

ა) დაიცვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესები;

ბ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადოს ნებართვის საფასური და სრულად დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები.

4. ანგარიშსწორება

4.1. მომხმარებლის მიერ ლოტზე „ბე“-ს გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ ნებართვის საფასურის გადახდა შესაძლებელია საბანკო დაწესებულებაში, ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით,  საბანკო პლასტიკური  ბარათითა და აუქციონატორის მიერ შეთავაზებული სხვა საშუალებებით.

4.2. ელექტრონული აუქციონის შესაბამის ვებგვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ნებართვის საფასურის გადახდის, ასევე „ბე“-ს გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელის, ლოტის და აუქციონატორის შესახებ, დასახელებისა და ანგარიშის/ანგარიშების ნომრ(ებ)ის მითითებით.

4.3. მომხმარებლის მიერ ლოტზე „ბე“-ს გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე ნებართვის საფასურის გადახდა ხორციელდება, საბანკო დაწესებულებაში, ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით, საბანკო პლასტიკური ბარათითა და სხვა საშუალებებით.

4.4. ნებართვის  მიმღების მიერ გადახდილი ნებართვის საფასური ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

5. გარიგებათა გაფორმება და ქონების მიმღების პასუხისმგებლობა

აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმების წესი, ნებართვის მიმღების ვალდებულებები, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ნებართვის მიმღების პასუხისმგებლობის წესი და პირობები, დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობები რეგულირდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 28 ივნისის №30 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესითა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრის, აუქციონის პირობებისა და ჩატარების პროცედურის დადგენის შესახე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 12 ივლისის  -15.15241942 განკარგულები.

 


მოკლე აღწერილობა

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის შესახებ

 

;