ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება: ა) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან, ორი წლის ვადაში მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების მიზნით განახორციელოს არანაკლებ 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის ოდენობის ინვესტიცია; ბ) ლიცენზიის მოქმედების მთელ პერიოდში უზრუნველყოს საქართველოს არანაკლებ 25 (ოცდახუთი) მოქალაქის დასაქმება; გ) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან ორი თვის ვადაში, ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება; დ) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, ლიცენზიის მიღებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) თვის ვადაში, ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს კომერციული ბანკის მიერ გაცემული 200 000 (ორასი ათასი) ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას; ე) ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებამდე უზრუნველყოს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით’’ განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება; ვ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება უნდა განხორციელდეს წინასწარ შედგენილი წიაღით სარგებლობის პროექტის მიხედვით; ზ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია გასცეს თანხმობა, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“-ს მიერ სალიცენზიო მიწის ნაკვეთის განკარგვის შემთხვევაში; თ) ლიცენზიის მფლობელმა მოქალაქეებს არ უნდა შეუზღუდოს სალიცენზიო ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება; ი) სალიცენზიო ობიექტის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისების შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელმა არ შეუზღუდოს აღნიშნული ტერიტორიის მესაკუთრეს ხელშეკრულებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველყოფა; კ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირება განახორციელოს ძარაგადახურული ავტომობილებით, ასევე დასახლებულ პუნქტებში სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებისას უზრუნველყოს საავტომობილო გზის პერიოდული მორწყვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მტვრის გაფრქვევა დასახლებულ პუნქტებში; ლ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არ დააზიანოს შიდა სასოფლო გზები, ხოლო დაზიანების შემთხვევაში მოახდინოს მისი აღდგენა-რეაბილიტაცია, ლიცენზიის მფლობელს წიაღისეულის მოპოვების პერიოდში ეკრძალება გზის გვერდულებზე მასალის დასაწყობება, სამშენებლო ნარჩენების დაყრა, მანქანა-მექანიზმების გაჩერება და დგომა; მ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს სალიცენზიო მიწის ნაკვეთზე დაზიანებული ნიადაგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეკულტივაციის ღონისძიებების ჩატარება; ნ) ექსპლუატაციისას მეწყრული პროცესების გააქტიურების დროს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა მოხდეს სამუშაოების შეჩერება, სათანადო ღონისძიებების დასახვა და განხორციელება, გეოდინამიკური სიტუაციის გართულების (ასეთის არსებობის) შემთხვევაში, უნდა შესრულდეს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების შესაბამისი მითითებები; ო) ობიექტის დამუშავება უნდა მოხდეს ქვეყანაში მოქმედი სამთო საქმისთვის მიღებული ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების და წესების დაცვით, ობიექტის დამუშავების დროს მოხსნილი ნიადაგის ფენა და ფუჭი ქანი უნდა დასაწყობდეს ტერიტორიის რეკულტივაციის მიზნით მისი შემდგომი გამოყენებისათვის; პ) ლიცენზიის მფლობელმა შეასრულოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის ”გარემოს დაცვის შესახებ“, ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” და „წიაღის შესახებ“, საქართველოს კანონებით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, ,,წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წიაღით სარგებლობისას იშვიათი მეცნიერული ან ესთეტიკური ფასეულობის ობიექტების აღმოჩენის შემთხვევაში შეაჩეროს სამუშაოები და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს; ჟ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ შესაბამისი ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით); რ) დაცული იქნეს საქართველოს კანონებით, ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობები, აგრეთვე ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი მოთხოვნები. |