|
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინიციატივით, საფინანსო ანალიტიკურ სამსახურთან ერთად, შეიქმნა ელექტრონული აუქციონის სისტემა www.eauction.ge და 2010 წლის მარტიდან დაიწყო აღნიშნული ფორმით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაცია. წარსულს ჩაბარდა საჯარო აუქციონები და მათთან დაკავშირებული პრობლემები. გამარტივებული რეჟიმის შედეგად, მინიმუმამდე დავიდა აქამდე არსებული ბიუროკრატიული პროცედურები. გატარებული რეფორმები საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, მოსახლეობამ სწრაფად აუღო ალღო ახალ და მარტივ სისტემას. 2011 წლიდან პორტალს შემოუერთდა ყველა სახელმწიფო უწყება და ქონების განკარგვა დაიწყო მომსახურების სააგენტოს ვებ გვერდის მეშვეობით. www.eauction.ge გახდა უნივერსალური პორტალი, რომელმაც გააერთიანა ყველა სახის სახელმწიფო ქონების რეალიზაცია/პრივატიზაცია ერთ სივრცეში. ვებ გვერდი ძალიან მოკლე დროში საკმაოდ პოპულარული და რეიტინგული გახდა, სახელმწიფო სტრუქტურების შემდეგ მას შემოუერთდნენ ფიზიკური და იურიდიული პირებიც და დაიწყეს უძრავი და მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა www.eauction.ge-ს მეშვეობით. დღეისათვის ნებისმიერს შეუძლია სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, მისთვის კომფორტულ გარემოში შეიძინოს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონება. Eauction.ge- ეს არის აუქციონის მოქნილი სისტემა, რომლის მომხმარებელიც შესაძლოა ნებისმიერი თქვენგანი გახდეს. შემოგვიერთდით და მიიღეთ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან! |