საჯარო აუქციონი ჩატარდება 2020 წლის 9 სექტემბერს შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ვუკოლ ბერიძის ქუჩა N6, სს „საპარტნიორო ფონდი“. აუქციონში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს: ა) მონაწილეობის მსურველი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები; შენიშვნა: მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ რეზიდენტ თუ არარეზიდენტ იურიდიულ ან ფიზიკური პირს ბ) წარმომადგენლობის დამადასტურებელი მინდობილობა ან სხვა დოკუმენტი (მაგ: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან); გ) საქართველოში მოქმედი ნებისმიერი კომერციული ბანკის მიერ გაცემული უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია 659,031.91 (ექვსას ორმოცდაცხრამეტი ათას ოცდათერთმეტი ლარი და 91 თეთრი) ლარის ან 214,263.58 (ორასთოთხმეტი ათას ორასსამოცდასამი აშშ დოლარი და 58 ცენტი) ოდენობით, აუქციონში მონაწილოების და გადახდის (იგულისხმება გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულების ხელმოწერა და გადახდის განხორციელება) უზრუნველსაყოფად. საბანკო გარანტია აუქციონის ჩატარების დღეს უნდა აღემატებოდეს 45 დღით. მითითებულ 45 დღიან ვადაში არ ჩაითვლება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით მარეგულრებელი ორგანოდან (სემეკი) თანხმობის მიღებისთვის საჭირო ვადა, ხოლო გამარჯვებული ვალდებულია საბანკო გარანტიის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 15 კალენდარული დღით ადრე საბანკო გარანტიის ვადა გააგრძელოს დამატებით 45 დღით. რეგისტრაციისა და საბუთების მიღების პერიოდი: 9.09.2020წ. 12:30-დან - 14:30-მდე (აღნიშნული პერიოდის შემდეგ გამოცხადებული მონაწილე აუქციონში არ დაიშვება. თუ პირი მითითებულ დრომდე გამოცხადდება ადგილზე და რიგის არსებობის შემთხვევაში მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ დაიწყებს რეგისტრაციის პროცესს 14:30-მდე იგი ჩაითვლება ვადაში გამოცხადებულად). აუქციონი ჩატარდება იმ შემთხვევაშიც, თუ მასში მონაწილეობის სურვილს მხოლოდ ერთი პირი განაცხადებს. აუქციონის შედეგები უქმდება, გამარჯვებულ პირს ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი, თუ: ა) გამოთხოვილი არ იქნება გამარჯვებულის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა (შესაბამისად საბანკო გარანტია დაუბრუნდება წარმომდგენს), თუ აუქციონში გამარჯვებულმა ვერ მოიპოვა მარეგულირებელი ორგანოს (სემეკი) თანხმობა აქციების შეძენაზე; ბ) გამოთხოვილ იქნება გამარჯვებულის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა, თუ აუქციონში გამარჯვებულმა: ბ.ა) უარი განაცხადა ხელშეკრულების ხელმოწერაზე. უარად ჩაითვლება აგრეთვე ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის წარმოუდგენლობა; ბ.ბ) უარი განაცხადა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე; ბ.გ) დაარღვია აუქციონში მონაწილეობის საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესებით დადგენილი პირობები. თუ აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი საჯარო აუქციონის შესახებ და გამოთხოვილ იქნება აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, ხოლო თუ აუქციონი შედგება, მაშინ იმ მონაწილეს, რომელმაც სააუქციონო ვაჭრობაში არ მიიღო მონაწილეობა ან/და ვერ გაიმარჯვა, უბრუნდება საბანკო გარანტია, აუქციონის დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ დღის ვადაში. იმ მონაწილეს, რომელმაც ვერ გაიმარჯვა აუქციონში უფლება აქვს თანხმობა განაცხადოს გარანტიის გონივრულო ვადით დატოვებაზე, თუ სურს მის მიერ დაფიქსირებული ფასით ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობის გამოყენება, გამარჯვებული მონაწილის მიმართ აუქციონის შედეგების გაუქმების შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში აუქციონის შედეგები არ გაუქმდება, ხოლო ასეთ მონაწილეზე ასევე გავრცელდება გამარჯვებული მონაწილის მიმართ მოქმედი წესები (მათ შორის გარანტიის გამოთხოვის და შედეგების გაუქმების ნაწილში). რამოდენიმე ასეთი მონაწილის არსებობის შემთხვევაში, რიგითობა განისაზღვრება ფასის სიდიდის მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერა უნდა განხორციელდეს აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. ამასთან, ამავე ვადაში ხელშეკრულების ხელმოწერამდე წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოში მოქმედი ნებისმიერი კომერციული ბანკის მიერ გაცემული უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია 4,341,000.00 ლარის ან 1,411,340.14 აშშ დოლარის ოდენობით (საბოლოო ციფრი შეიცვლება გამოცხადების დღეს არსებული კურსის ოდენობიდან (3.0758) გამომდინარე. გარდა ამისა იმოქმედებს შემდეგი ფორმულა: მონაწილეობის გარანტიას + შესრულების გარანტია = 5,000,000 (ხუთი მილიონი) ლარი.), ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად. საბანკო გარანტია აუქციონის ჩატარების დღეს უნდა აღემატებოდეს 45 დღით. ასეთი გარანტიის წარმოუდგენლობა ჩაითვლება ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარად. მითითებულ 10 და 45 დღიან ვადებში არ ჩაითვლება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით მარეგულრებელი ორგანოდან თანხმობის მიღებისთვის საჭირო ვადა, ხოლო გამარჯვებული ვალდებულია: ა) აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ამ თანხმობის მოსაპოვებლად საჭირო დოკუმენტაცია მიაწოდოს საპარტნიორო ფონდსა და სს „თელასს“ მარეგულირებელი ორგანოსთვის (სემეკი) წარსადგენად; ბ) საბანკო გარანტიის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 15 კალენდარული დღით ადრე საბანკო გარანტიის ვადას გააგრძელოს დამატებით 45 დღით. ნასყიდობის ღირებულების უნაღდო ანგარიშსწორების წესით გადახდა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების ხელმოწერიდან 20 კალენდარული დღის ვადაში. ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს აშშ დოლარში, თუ კანონმდებლობით ლარით ანგარიშსწორება არ იქნება სავალდებულო, რა შემთხვევაშიც მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს გამყიდველის ანგარიშზე ჩარიცხული ლარის ისეთი კურსით კონვერტაცია, რომ გამყიდველის ანგარიშზე ლარში ჩარიცხული თანხა დაკონვერტირდეს აშშ დოლარებში ზემოთ მითითებული ოდენობით. აუქციონის პროცესი განხორციელდება საჯაროდ რაც გულისხმობს იმას, რომ დასაშვებია პროცესის ჩაწერა და გავრცელება. აუქციონის პროცედურები საპარტნიორო ფონდის ცალმხრივი გადაწყვეტილებით და აბსოლუტური დისკრეციის ფარგლებში შესაძლებელია შეწყდეს ნებისმიერ დროს ხელშეკრულების ხელმოწერამდე (მათ შორის, ხელშეკრულების ხელმოწერის ეტაპზე). შესაბამისად, მონაწილე არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს აქედან გამომდინარე ზიანის ან/და ხარჯების ანაზღაურება (გარდა საბანკო გარანტიის დაბრუნებისა). აუქციონი არ წარმოადგენს ოფერტს ან/და რაიმე ვალდებულებას საპარტნიორო ფონდის მხრიდან. |